თბილისში ევროპის მოედანზე მდებარე „რიყის დოქები“ შპს „რიყე დომ“ იყიდა. მანამდე ამ ობიექტს ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-ი ფლობდა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია „რიყე დომ“ საჯარო რეესტრში 24 აპრილს დარეგისტრირდა.
კომპანიის დირექტორია მიხეილ ტყეშელაშვილი. ის ამავდროულად მართავს „ქართული ოცნების“ მილიონერი დეპუტატის, გიორგი ბარვენაშვილის კომპანიების წილებს. მათ შორის, „ჯი ჯი ჯი ჯორჯიაში“, GORAGROUP-ში, Parna-სა და ა.შ.
შპს „რიყე დომ“-ის 100%-იანი მფლობელი შპს „ნ.გ.ბ“-ია, რომლის ერთადერთი მფლობელი თორნიკე კოპალიანია.
განაცხადი საჯარო რეესტრში 2 მაისს შევიდა, ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ კი ცვლილებები 5 მაისს აისხა.
„რიყის დოქები“ სახელმწიფოს საკუთრებაში 2022 წლის მარტიდან აღარ არის. ობიექტი მეექვსე მცდელობაზე, თავდაპირველ ფასზე 10-ჯერ უფრო იაფად, 10 020 000 ლარად „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელის კომპანიამ იყიდა.
კომპანიამ ვალდებულებად აიღო, რომ 36 თვის განმავლობაში 14 591 კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოეყენებინა ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოსაწყობად.
ცნობისათვის „რიყის დოქების“ მშენებლობა 2012 წელს დასრულდა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანზე ირიცხებოდა, სადაც ხელოვნების ცენტრი და მუსიკისა და დრამის თეატრი უნდა განთავსებულიყო, მოგვიანებით კი ღვინის მუზეუმის გახსნის მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდა.
წლების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „რიყის დოქების“ გაყიდვა გადაწყვიტა.