საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 197 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 35.5 პროცენტი ქ. თბილისში იყო განთავსებული, ხოლო 17.3 პროცენტი – იმერეთის, 12.2 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 11.7 პროცენტი – კახეთის, 7.1 პროცენტი – ქვემო ქართლის, 5.1 პროცენტი – აჭარის, 4.6 პროცენტი – შიდა ქართლის, 2.0 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის, 2.0 პროცენტი – სამცხე-ჯავახეთის, 1.5 პროცენტი – გურიის და 1.0 პროცენტი – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.
2024 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტებში (ბაზრობების დირექციებში) დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 2.7 ათას კაცს შეადგენდა, რომელთაგან 32.4 პროცენტი იყო ქალი. ამასთან, დასაქმებულთა 46.9 პროცენტი მოდიოდა ქალაქ თბილისზე.
2024 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების შემოსავლებმა 194.4 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 12.0 მილიონი ლარი (6.2 პროცენტი) ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებული შემოსავალი იყო, 167.6 მილიონი ლარი (86.2 პროცენტი) – სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო 14.8 მლნ ლარი (7.6 პროცენტი) – სხვა შემოსავალი.
ამავე პერიოდში ბაზრებისა და ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 115.2 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც დასაქმებულ პერსონალზე გაცემული შრომის ანაზღაურება იყო 48.7 მილიონი ლარი.