საქართველომ და თურქეთმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრული ამოქმედებისთვის მზადყოფნის შესახებ დაადასტურეს.
ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ კვიროვიშვილსა და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულკადირ ურალოღლუს შორის შეხვედრის დროს გახდა ცნობილი, რომელიც თურქი მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის როლი, როგორც სატრანზიტო ცენტრისა, განიხილეს. ამ კონტექსტში, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სატრანსპორტო დერეფნების, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ეფექტური გამოყენების მნიშვნელობას ეკონომიკური ზრდისა და რეგიონული ინტეგრაციის გასაძლიერებლად.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებით აშენდა. პროექტი მოიცავს ყარსი- ახალქალაქის 98-კილომეტრიან ახალ მაგისტრალს, რომლის 68 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კი – საქართველოს. გარემონტდა ახალქალაქი-თბილისის გზის მონაკვეთიც. რკინიგზა სატესტო რეჟიმში მუშაობს 2017 წლის ოქტომბრიდან.
საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მონაკვეთის მშენებლობისთვის 775 მლნ დოლარის ოდენობის კრედიტი აიღო.
2019 წელს რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელებმა ანკარაში ხელი მოაწერეს მემორანდუმს „რუსეთის რკინიგზის“ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან შესაძლო მიერთების შესახებ. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რკინიგზა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სტრატეგიული პროექტია და ნებისმიერი სხვა მონაწილის ჩართვა სამივე ქვეყანასთან უნდა შეთანხმდეს.