აშშ დააფუძნებს რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდს, რომელსაც ვაშინგტონი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისა და “თავისუფალი, სუვერენული და აყვავებული” ქვეყნის აშენების წინაპირობად განიხილავს.
30 აპრილს შეთანხმებას ვაშინგტონში მოაწერეს ხელი – უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.
პირველ მაისს უკრაინის მთავრობამ შეთანხმების დეტალები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, „ეს შეთანხმება აძლიერებს სტრატეგიულ პარტნიორობას მხარეებს შორის – უკრაინის ხანგრძლივვადიანი აღდგენისა და მოდერნიზებისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად გამოწვეული ფართომასშტაბიანი ნგრევის საპასუხოდ, მშვიდობიანი, სუვერენული და მედეგი უკრაინისთვის.“
დოკუმენტი წარმოადგენს გრძელვადიან სტრატეგიულ შეთანხმებას ორი ქვეყნის მთავრობებსა და ხალხებს შორის და ასევე არის „შეერთებული შტატების მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირება უკრაინის უსაფრთხოების, აღმშენებლობისა და გლობალურ ეკონომიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ.“
შეთანხმების ტექსტით, ინვესტირების მოზიდვა შესაძლებელია აშშ-დან, ევროკავშირიდან და იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ეხმარებოდნენ უკრაინას თავდაცვაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ; ხოლო ქვეყნებმა, რომლებიც კონფლიქტის დროს უკრაინისთვის არაკეთილსაიმედოდ მოქმედებდნენ, ვერ უნდა მიიღონ სარგებელი უკრაინის რეკონსტრუქციის პროცესში, მდგრადი მშვიდობის დამყარების შემდეგ.
შეთანხმებაში ჩამოთვლილია 60-მდე დასახელების სასარგებლო წიაღისეული, რომელთა მოპოვებაც იგეგმება, მათ შორის – ფერადი ლითონები, იშვიათი მინერალები.
ჩამონათვალშია: ალუმინი, ანტიმონი, ბარიტი, დარიშხანი, ფტორი, ოქრო, პლატინა, თუთია, გრაფიტი, ლითიუმი, მაგნიუმი, ურანი, ტიტანი, ნავთობი, ბუნებრივი აირი [მათ შორის თხევადი]. მითითებულია, რომ ეს არასრული ჩამონათვალია.
იქმნება რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი, რომელიც დააფინანსებს წიაღისეულის მოპოვებას, ენერგეტიკას, ინოვაციების დანერგვას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ომით დანგრეული ქვეყნის აღდგენას. სასარგებლო წიაღისეულის მარაგები თუ ტერიტორიული წყლები რჩება უკრაინის საკუთრებაში. უკრაინა წყვეტს, რა ადგილებში უნდა მოხდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება.
უკრაინის საკუთრებაში რჩება სახელმწიფო კომპანიები; არ იზღუდება უკვე დაწყებული პროექტები და პრივატიზაციის პროცესი. უკრაინა ფონდში შეიტანს 50%-ს ქირის, ლიცენზიების თანხიდან და გამოყოფილ ადგილებზე მოპოვებული ნედლეულის გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან. აშშ-ის ფონდში შენატანად ჩაეთვლება უკრაინისთვის სამომავლოდ მიწოდებული ნებისმიერი სახის სამხედრო დახმარება.
დოკუმენტში მითითებულია, რომ შეთანხმებული პირობები არ ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას, ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს და მის მიზანს – გაწევრიანდეს ევროკავშირში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით მიღწეული შეთანხმება წარმოადგენს „საზიარო აღმშენებლობის ქვაკუთხედს“ და „მნიშვნელოვან ნაბიჯს ომის დასრულებისთვის.“
დოკუმენტზე ხელმომწერის, აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის განცხადებით, “აშშ მოწადინებულია დაეხმაროს, ხელი შეუწყოს ამ სასტიკი და უაზრო ომის დასრულებას” და “ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სურს უზრუნველყოს სამშვიდობო პროცესი, რომელიც ფოკუსირებული იქნება თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში.”
30 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებას “სამართლიანი უწოდა” პრეზიდენტმა ზელენსკიმ და დოკუმენტის ხელმოწერა დონალდ ტრამპთან ვატიკანში შეხვედრის პირველ შედეგად განიხილა და შესაბამისად, შეხვედრას “ნამდვილად ისტორიული” უწოდა.