ჩინეთის პროვინცია ჟეჟიანგიდან თურქმენეთის გავლით, აზერბაიჯანში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (TITR, შუა დერეფანი) ფარგლებში პირველი სატვირთო მატარებელი გაემგზავრა, იტყობინება Report თურქმენეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სააგენტოზე დაყრდნობით.
მატარებელი, რომელიც 100 სტანდარტული კონტეინერისგან შედგება, თურქმენბაშის პორტისკენ მიემართება, საიდანაც ტვირთი კასპიის ზღვის გავლით ბაქოს პორტამდე გადაიზიდება.
ჩინური მხარის თქმით, ახალი მარშრუტის გაშვება შეამცირებს დატვირთვას აქტაუ-ბაქოს ტრადიციულ ლოგისტიკურ ხაზზე და ასევე დააჩქარებს ჩინური პროდუქციის მიწოდებას ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
„ახალი მარშრუტი უკვე 26-ე საერთაშორისო ლოგისტიკური მარშრუტია, რომელიც ჩინეთის პროვინციამ ჩინეთ-ევროპის მარშრუტის გასწვრივ, რკინიგზით ტრანსპორტირების ფარგლებში შექმნა,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, იგივე შუა დერეფანი კასპიის ზღვაზე გადის და ჩინეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ევროპის ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს.